ვასილ მაისურაძე - მოლდოვის ნაკრებიც კარგად შევისწავლეთ, მიხარია, რომ ელიტ რაუნდში ვართ #1TVSPORT
ვასილ მაისურაძე - მოლდოვის ნაკრებიც კარგად შევისწავლეთ, მიხარია, რომ ელიტ რაუნდში ვართ #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მოლდოვის ნაკრებთან მოგებასა (2:1) და ელიტ რაუნდში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ მოლდოვასთან მატჩი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე კვიპროსთან. ამ გუნდში „შერიფის“ აკადემიის ცხრა ფეხბურთელია, რომლებიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან და შეთამაშებულებიც არიან.

გამომდინარე აქედან, მოლდოვის ნაკრებიც ყველა ასპექტში საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ თავიდან ბოლომდე კარგად შესწავლილი გვყავდა. რამდენად გამოგვივიდა მათი განეიტრალება, შეხვედრამაც აჩვენა. მთლიანობაში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მძიმე მატჩში კი გამოდგა, თუმცა, საბედნიეროდ, ელიტ რაუნდში გავედით.

ჯგუფში პირველ ადგილზე გასულის ვინაობა ესპანეთთან შეხვედრაში გადაწყდება. ეს გუნდი ერთი თავით მაღლაა არა მარტო ამ ჯგუფში, არამედ ევროპის დონეზეც კი. თბილისში ძალიან ძლიერი გუნდით არიან ჩამოსულები, თუმცა ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ვასილ მაისურაძემ.