ვასილ მაისურაძე - ხვიჩა პატარა ბიჭია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას თავი მაინც გაართვა #1TVSPORT
ვასილ მაისურაძე - ხვიჩა პატარა ბიჭია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას თავი მაინც გაართვა #1TVSPORT

ვასილ მაისურაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ მარცხსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს სფფ-ს წვრთნელთა განათლების ხელმძღვანელისა და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, ქართველთა თავდამსხმელმა მთლიანობაში ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა.

„ძალიან რთულია, ერთდროულად მოიგო იტალიის ჩემპიონატი და  ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ითამაშო. „მილანთან“ ორივე შეხვედრაში „ნაპოლი“ მეტოქეს არაფერით ჩამოუვარდებოდა, არ მინდა მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ამანაც გუნდის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. გუნდი უკეთესია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანს“ მეტი გამოცდილება გააჩნია და ამან გადაწონა.

„მილანს“ „ნაპოლი“ კარგად ჰყავდა შესწავლილი კვარაცხელიას ჩათვლით, ძალიან მაგარი დაცვის ბლოკი დააყენეს და იცოდნენ, როგორ უნდა ეთამაშათ. „ნაპოლის“ მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცეები, შეხვედრა ააგეს კონტრშეტევებზე, მეორე ნომრად ითამაშეს და მიზანს მიაღწიეს. ოსიმენიც აშკარად დიდი ძალაა. მისი ფორმაში არყოფნამ დიდი გავლენა იქონია.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე ითამაშა. პენალტი გააფუჭა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, მსგავსი რამ ვის არ მოსვლია. ჯერ კიდევ პატარა ბიჭია და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის მატჩს, წნეხს და დატვირთვას მაინც მაღალ დონეზე გაართვა თავი“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.