ვაშინგტონის ფედერალური პროკურორი აცხადებს, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილ კოულ ტომას ალენს დამატებითი ბრალდებები წარედგინება
კოულ თომას ალენისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენცია გამართა.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სწრაფად, გაბედულად და პროფესიონალურად იმოქმედეს.
„საიდუმლო სამსახურის აგენტებმა დაუყოვნებლივ დააკავეს ეჭვმიტანილი კოულ თომას ალენი. მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კაცი საბანკეტო დარბაზიდან ერთი სართულით ზემოთ იმყოფებოდა, სადაც მასა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ასობით ფედერალური აგენტი იყო“, – განაცხადა ბლანშმა.
ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურორმა, ჟანინ პირომ განაცხადა, რომ ალენს დამატებითი ბრალდებები წარედგინება, რადგან გამოძიება გრძელდება.
„კოულ ალენის სისხლის სამართლის სისტემაში პასუხისმგებლობის გზა დღეს იწყება. ეს მხოლოდ სამი ბრალდებაა, თუმცა გამოძიება გრძელდება და დამატებითი ბრალდებები იქნება წარდგენილი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, ბრალდებული ნათლად აჩვენებდა თავის განზრახვას და, ასევე, ცდილობდა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მოქმედებას. ასეთი რამ დაუშვებელია“, – განაცხადა ჟანინ პირომ.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ადგილზე მაღალი რანგის პირები იმყოფებოდნენ.
„ეს შემთხვევა განსხვავებულად გვეხება. პრეზიდენტი იქ იყო, ვიცე-პრეზიდენტი იქ იყო, კაბინეტის წევრებიც იქ იყვნენ. ის, რაც ჟანინმა და პროკურორმა აღწერეს, აბსოლუტური სიმართლეა. სამართალდამცველებმა სწრაფად იმოქმედეს და ეს არის ერთიანობისა და კანონის აღსრულების მაგალითი“, – განაცხადა პატელმა.
პატელის თქმით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და პროკურორები მუდმივად მუშაობენ საქმის მასალების შეგროვებაზე.
ცნობისთვის, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილ კოულ ტომას ალენს დღეს ბრალი სამი მუხლით წარედგინა. ესენია: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანა.