„ვაშინგტონ თაიმსი“ - საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროამერიკულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა
„ვაშინგტონ თაიმსი“ - საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროამერიკულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა

საქართველო მუდმივად ეჯახება რუსულ საფრთხეს და აგრესიას, ამავდროულად აძლიერებს დასავლურ საყრდენს ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკით და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს – ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსის“ ანალიტიკურ სტატიაშია საუბარი, სათაურით, „საქართველო გზაჯვარედინზე“.

სტატიის თანახმად, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება და როგორც კავკასიისა და ცენტრალურ აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების დაკავშირებით, საქართველოს შავი ზღვის პორტები წარმოადგენს სასიცოცხლო სატრანსპორტო კავშირს ევრაზიასა და ატლანტიკურ სივრცეს შორის. საქართველო კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგიის ნაკადების ხაზზე მდებარეობს. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მისი პოზიციის შედეგად, საქართველო დიდი ძალების კონკურენციის ფოკუსი გახდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროამერიკულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა, ქვეყანაში 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა და მას შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. სტატიის მიხედვით, საქართველო იღებს მაღალ შეფასებებს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიის განვითარების და ანგარიშვალდებულების პრაქტიკულად ყველა მაჩვენებლებში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთი თვის წინ, საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონი, რაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ზაფხულში შეჰპირდა.

სტატიის მიხედვით, უმრავლესობას და ოპოზიციას შორის პოლიტიკურმა კონფლიქტმა თბილისში დემონსტრაციები გამოწვია, რომელიც ზოგჯერ ძალადობრივი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ 2024 წელს ქვეყანას პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადაიყვანს, მაგრამ ოპოზიციასთან დიალოგს ითხოვს და არა ძალადობას, რომელიც სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს.

„ევროპის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, მისი მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი შეერთებულ შტატებს მეგობრად უწოდებს. 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას. ავღანეთში მყოფი ყველა ჩვენი კოალიციური პარტნიორიდან, საქართველომ ყველაზე მეტი მსხვერპლი განიცადა და დღეს იქ რჩება ყველაზე დიდი განლაგებით, თავისი სამხედრო წარმომადგენლობის კუთხით. საქართველოს ლიდერები აგრძელებენ პოზიტიურ გზას წინ. „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის თანახმად, 1996 წლის 124-ე ადგილიდან, საქართველო 2018 წელს მე-16 ადგილზე გადავიდა. 2015-2018 წლებში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ ოთხი პროცენტით გაიზარდა და მშპ-ს რეალური ზრდა სავარაუდოდ ხუთ პროცენტამდე მიაღწევს 2019 წელს. ზრდაზე ორიენტირებულმა პოლიტიკებმა, შორს მიმავალი კაპიტალის ბაზრის რეფორმებმა და საგადასახადო სტიმულებმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წამოიწყო, მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები მიიზიდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ვაშინგტონ თაიმსი“ წერს, რომ 2020 წელს, საქართველოს ახალ მთავრობას მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევები ექნება. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას გამოკითხულთა 80 პროცენტი, ნატო-ში ინტეგრაციას კი 72 პროცენტი უჭერს მხარს, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაცია რჩება მაცდუნებლად ბუნდოვნად. სტატიის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს იხსენებს და ამბობს, რომ ევროკავშირს გაფართოების სურვილი არ აქვს, რაც საქართველოს ევროკაშირში სრულ წევრობას გამოიწვევდა.

„რუსული ძალები და მისი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსული ტურიზმი საქართველოს მშპ-ის თითქმის რვა პროცენტს შეადგენს და რუსეთი საქართველოსთვის გზავნილების მეორე უმსხვილესი წყაროა. ქართველი აქტორები, რომლებიც ცდილობენ შეაფერხონ ერის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, რუსეთს უფრო მეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურმა აქტორებმა გაითვალისწინონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და თავიდან აიცილოს ძალადობრივი დემონსტრაციები. თავისი მომავალი გეგმების შედგენისას, ქართველებს შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, როგორც მინიმუმ ერთ მუდმივაში: აშშ-ის ძლიერ და უცვლელ მხარდაჭერაში. 23 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი „საქართველოს დახმარების შესახებ“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ცნობს მის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის თბილისში ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდეს და კრძალავს ფინანსურ მხარდაჭერას ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ვაშინგტონ თაიმსი“ ბოლოს აღნიშნავს, რომ გამბედავი სახელმწიფოებრივი აზროვნება და პოლიტიკური სიმარჯვე დიდად იქნება მოთხოვნადი, რადგან საქართველოს უხდება ყოფნა შეუპოვარ რუსეთს, დაბნეულ ევროპას და მღელვარე გლობალური ეკონომიკის მრავალ გამოწვევას შორის.

დატოვე კომენტარი