ვარშავაში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვარშავაში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკვე ორი დღეა, პოლონეთში აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტების თითქმის სრულ აკრძალვას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პოლონეთის ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში. ვარშავაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან. მათ გზა პოლიციის კორდონმა გადაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალება. „ბიბისის“ ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტა აკრძალული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემებია. გამონაკლისის სახით, პოლონეთში აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების დროს და იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე დაემუქრება.

დატოვე კომენტარი