ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოდან - თუ წარმატებაზე ფიქრობ, მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად #1TVSPORT
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოდან - თუ წარმატებაზე ფიქრობ, მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოში, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, მორიგი ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ძიუდოს კუდოკანის დარბაზში ივარჯიშა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძიუდოისტები საწვრთნელ პროცესში იყენებენ.

️ჩვენი გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობისას, კუდოკანის დარბაზს არაერთი ნაკრები ესტუმრა, მათ შორის ესპანეთის ძიუდოს ნაკრები და მათი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ), რომელიც ჩვენი ნაკრების ძიუდოისტებს მიესალმა და ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, სავარჯიშო პროცესი ჩაატარეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ). ნაკრების სხვა წევრებმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. ძიუდოისტები ოლიმპიური თამაშებისთვის მწვრთნელთა შტაბის მიერ შედგენილი სპეციალური გეგმით ემზადებიან.

ტოკიოში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და 24 ივლისიდან შეჯიბრებებში ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან. ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) იჭიდავებს, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე იქნება ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა და გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურთან გუშინ გამართული წილისყრის შედეგები შეაფასეს და ოლიმპიადის შესახებ ისაუბრეს.

 

ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. უკეთესს ალბათ ვერც ვისურვებდი. გუნდი გადის აკლიმატიზაციის პროცესს, ბიჭები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.

დღეს ძიუდოისტების ნაწილი დავასვენეთ. მთავარია, მათ ოლიმპიადასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი დაძლიონ. ოლიმპიადაზეც იგივე ხალხი ასპარეზობს, ვისაც სხვა შეჯიბრებებიდან კარგად იცნობენ, არაფერი თვისებრივად აქ არ იცვლება, უბრალოდ, შეჯიბრებას აქვს მაღალი სტატუსი. ამ კონკურენციაში თითოეულ ჩვენს სპორტსმენს არაერთი პრესტიჟული ტურნირი მოუგია. იმედი მაქვს, ოლიმპიადაზეც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოს ნაკრების კაპიტანი):

„რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წილისყრის შედეგები გარკვეულწილად ვიცოდით და დიდად არც გაგვკვირვებია. ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ, მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.

ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები გვყავს, რომელიც ყველა წონაში ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული. იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო, არა მარტო ძიუდოისტებს – თითოეულ ქართველ სპორტსმენს. ხვალ იწყებს ასპარეზობას სანდრო ბაზაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბევრი სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ“.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური