ვარლამ ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადაერთო
ვარლამ ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადაერთო

საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხდა.

ევროპის სამგზის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოსიტმა, სირილ მარესთან წააგო. მიმდინარე ტურნირზე, ფრანგთა ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა გამარჯვება ძირითადი დროის დასრულებამდე წუთი და ოცი წამით ადრე მოიპოვა. როდესაც ორივე სპორტსმენს მხოლოდ გაფრთხილებები ჰქონდა, მარემ ტატამის კუთხეში გდება შეასრულა, რომელიც მსაჯმა იპონით შეაფასა.

მიუხედავად ქართველი სპორტსმენისა და მწვრთნელის უკმაყოფილებისა, შედეგი არც ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ შეიცვალა და ლიპარტელიანიც ბრძოლას, მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

რეპეშაჟის ნახევარფინალში „ლიპოს“ მეტოქე, შვედი – მარტინ პესეკი იქნება.

ამავე წონაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი ლაშა ტაველური, რომელმაც პირველი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი ჰოლანდიელ მიქაელ კორელთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.