ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა - სტადიონი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება
ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა - სტადიონი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გახსნეს.

ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ-პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, ასევე მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „ფიფა“-ს პროგრამა „ფორვარდის“ ეგიდით დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 223 174 ლარია.

რაც მთავარია, სპორტული კომპლექსით ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო გუნდები, ბავშვთა რეგიონული ნაკრებები უფასოდ ისარგებლებენ. გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.

ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.