ვარჯიში „საბურთალომაც“ განაახლა - გუნდი „ბენდელაზე“ ემზადება
ვარჯიში „საბურთალომაც“ განაახლა - გუნდი „ბენდელაზე“ ემზადება

საქართველოს სუპერთასის მფლობელმა „საბურთალომ“ ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება დაიწყო. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გუნდმა პირველი საწვრთნელი პროცესი „ბენდელას“ სტადიონზე გამართა.

თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუნდი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

„საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობაში მითითებულია, რომ გუნდმა საწვრთნელ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

საბურთალომ“ ბოლოს 11 მარტს ივარჯიშა. მეორე დღეს გუნდი „დინამოსთან“ დედაქალაქური დერბის მოლოდინში იყო, მაგრამ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შექმნილი პრობლემის გამო, იძულებითი შესვენება მოუწია.

„საბურთალო“ თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ შემდეგ ეროვნული ლიგის მესამე კლუბია, რომელმაც ვარჯიში განაახლა. თუმცა, ჯერ ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი უცნობია.