ვარდან მინასიანმა „თელავის“ პრობლემაზე ისაუბრა - სომხური მედია ქართული ლიგით დაინტერესდა #1TVSPORT
ვარდან მინასიანმა „თელავის“ პრობლემაზე ისაუბრა - სომხური მედია ქართული ლიგით დაინტერესდა #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გორის „დილასთან“ ფრედ დასრულებულ შეხვედრასა და გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ამავე დროს, მატჩის არბიტრებიც გააკრიტიკა.

„ძალიან რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ასეთ მინდორზე, რომელიც (წვიმისგან) ძალიან დამძიმებული იყო, თუმცა კარგი ხასიათი ვაჩვენეთ და მეორე გოლი ათი კაცით დარჩენილებმა გავიტანეთ.

ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რადგან უამრავი პრობლემაა. ძალიან მარტივ გოლებს ვუშვებთ, ჩვენ კი რთულად ვიტანთ. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ „დილას“ პირველი გოლი თამაშგარედან გავიდა. უნდა ვიფიქროთ ამაზეც“, – ამბობს ვარდან მინასიანი.

„თელავის“ მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი მარტში დაინიშნა. 49 წლის სპეციალისტი სომხეთის ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელია. მისი თანაშემწეებიც მისი თანამემამულეები არიან – არტაკ მოვსესიანი და არტურ მკრტიჩიანი. ეს უკანასკნელი ფიზიკურ მომზადებაზეა პასუხისმგებელი.

„თელავის“ დამფინანსებელიც სომეხი ბიზნესმენია. ამ ყველაფრის გამო ქართული გუნდის მიმართ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დიდი ინტერესია. საფეხბურთო გვერდის, football365-ის სომხური ვერსია სისტემატურად აშუქებს ქართული გუნდის ამბებს და გულშემატკივრებს მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ბმულსაც სთავაზობს.