ვარდან მინასიანი - „თელავში“ შედეგის მისაღებად, მინდა, ფეხბურთელების ტექნიკა ჩემს ფილოსოფიას შევუხამო #1TVSPORT
ვარდან მინასიანი - „თელავში“ შედეგის მისაღებად, მინდა, ფეხბურთელების ტექნიკა ჩემს ფილოსოფიას შევუხამო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა საქართველოში ჩამოსვლაზე, ახალ კლუბსა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„ყაზახური „თარაზიდან“ სამშობლოში დაბრუნებამდე თითქმის წელიწადი უქმად ვიყავი. მქონდა შემოთავაზება უცხოური და სომხური კლუბებისგან, მაგრამ ისეთი წინადადება ნამდვილად არ იყო, რომელიც ჩემს სამწვრთნელო ფილოსოფიას მიესადაგებოდა.

„თელავში“ კლუბის ხელმძღვანელების გეგმებმა და ხედვამ დამაინტერესა. ვიცი, რომ აქვთ გუნდის განვითარებასა და წინსვლისთვის პროექტი, რომელიც ახლოსაა ჩემს ფილოსოფიასთან. მზად ვარ, მათ გვერდში დავუდგე ცოდნითა და გამოცდილებით.

ცხადია, ვიცოდი, სად მოვდიოდი. „თელავის“ თამაში აქამდე სამჯერ ვნახე და ბოლოს თბილისის „დინამოსთან“ მატჩსაც უშუალოდ ტრიბუნიდან ვუყურე, თუმცა სხვა საქმეა, როცა უკვე ახლოს, მინდორზე ეცნობი გუნდსა და ფეხბურთელებს. პირველი შთაბეჭდილებით, ბიჭების შემართება და საქმისადმი მიდგომა მომეწონა. ქართველ მოთამაშეებზე ყოველთვის კარგი წარმოდგენა მქონდა. ვიცი, მათი ტექნიკა. მინდა, ამ ყველაფერს ჩემი ფილოსოფია შევუხამო და მივიღოთ შედეგი.

„დინამოსთან“ მატჩს ტრიბუნიდან ვუყურებდი და პუბლიკით ძალიან მოვიხიბლე. ქომაგი ნებისმიერ მატჩში ბრძოლისუნარიან, შემართულ და ერთ მუშტად შეკრულ გუნდს იხილავს მოედანზე, ამის გარანტიას მოგცემთ, დანარჩენი კი გამოჩნდება.

მაქვს ჩემი სტილი, ფილოსოფია, საქმისადმი ზედმიწევნით მიდგომა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ამ მხრივ მხარს ამიბამენ, რათა მოვიგოთ თამაშები და წარმატებას მივაღწიოთ“, – ამბობს ვარდან მინასიანი.