ვაქცინის გარეშე ტოკიოს ოლიმპიადა საფრთხის ქვეშაა
ვაქცინის გარეშე ტოკიოს ოლიმპიადა საფრთხის ქვეშაა

მარტის ბოლოს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დღეისთვის, იაპონიის უმაღლეს სპორტულ წრეებში ლაპარაკი მიდის არა ტურნირების ახალ ვადებზე, არამედ ტოკიოს თამაშების სრულ გაუქმებაზე.

თუ „კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონებული და მთელს მსოფლიოში დანერგილი არ იქნება, ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივები უკიდურესად მიზერულია. რაც უფრო მეტი დრო გადის პანდემიის მომენტიდან, მით უფრო მწვავედ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ შეუძლებელია დიდი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების უსაფრთხოდ ორგანიზება. იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობა ჯერ ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ჰოსპიტალიზაცია გრძელი და ძალიან ძვირადღირებული, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინა ერთადერთი გადაწყვეტა იქნება იმისთვის, რომ ხალხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილება ისევ დაიწყოს.

როგორც ჩანს, ჯერ შორია გადამწყვეტ ეტაპამდე, როცა დაინერგება ერთი ან რამდენიმე ვაქცინა. „ასე რომ, თუ პანდემია გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით თამაშები გავაუქმოთ, – თქვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ იოშირო მორიმ. – ჩვენ მომდევნო წელს ჩავატარებთ თამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელება შეჩერებული იქნება. ფასი ძალიან მაღალია – ადამიანების უსაფრთხოება!“

იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი იოსიტაკე იოკოკურა იზიარებს მსგავს აზრს: „მე არ ვამბობ, რომ თამაშები არ უნდა გაიმართოს, მაგრამ მათი ორგანიზება ეფექტური ვაქცინის გარეშე ძალიან რთული იქნება.“

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთხელ გადატანა საერთოდ არ განიხილება. თუ ოლიმპიადა 2021 წელს არ გაიმართება, ის, უბრალოდ, გაუქმდება.