ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის არიან ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვი.

ვანკუვერის პოლიციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ამასთან, როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა ჯერ არ განიხილება, როგორც ტერაქტი. გამოძიება მიმდინარეობს.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.

ვანკუვერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაშავებულებს და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. ვუერთდები ყველა კანადელის გლოვას“, – განაცხადა კარნიმ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამაშველო ჯგუფებს, პოლიციას და განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ და რატომ მოხდა თავდასხმა.

კანადის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კალგარიში და რიჩმონდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო აღარ ჩატარდება.