ვან დერ ვაარტმა პროფესიულ დარტსში პირველი მატჩი მოიგო
ვან დერ ვაარტმა პროფესიულ დარტსში პირველი მატჩი მოიგო

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოგებით დაიწყო თავისი პირველი პროფესიული ტურნირი დარტსში.

დანიის ღია პირველობაზე 36 წლის ჰოლანდიელმა პირველ წრეში 4:2 დაამარცხა ტომას ანდერსენი. როგორც სქაი სპორტსი (Sky Sports) წერს, ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ერთ ზუსტ სროლაში იყო მოგებასთან, შვიდი ცდა დასჭირდა თამაშის დასასრულებლად.

თუმცა, ჰოლანდიელის სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. უკვე შემდეგ რაუნდში ვან დერ ვაარტმა 0:4 წააგო მასპინძელ მოგენს კრისტენსენთან და დატოვა ტურნირი.

ვან დერ ვაარტმა ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებში 109 მატჩი ჩაატარა. მან სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ორჯერ – მსოფლიოს ჩემპიონატზე.