ვალვერდე - „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მესის არყოფნა უცნაურია
ვალვერდე - „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მესის არყოფნა უცნაურია

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ ლიონელ მესი „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს  ბურთის“ სამ ნომინანტს შორის არ ფიგურირებს. ოფიციალურად საბოლოო სამეული ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ინფორმაციამ უკვე გაჟონა და, როგორც იტყობინებიან, საუკეთესო ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანო რონალდოსა და ანტუან გრიზმანს შორის შეირჩევა.

31 წლის ლიონელ მესის ეს პრესტიჟული ჯილდო ხუთჯერ აქვს მოგებული (ბოლოს – 2015 წელს).

„მეც ისევე ვარ გაკვირვებული, როგორც ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვალვერდემ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩის წინა დღეს გამართა, – „მესი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთაშედ პირველი, მეორე და მეხუთე ტურების შემდეგ დასახელდა, მეორე და მესამეში კი ტრავმის გამო არ უთამაშია. უცნაურია, ნომინანტებს შორის რომ არ არის“.

პოპულარული ფრანგული ჟურნალი 2018 წლის გამარჯვებულს ორშაბათს, 3 დეკემბერს გამოაცხადებს.

ბარსელონა-ვილიარეალი დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.