ვალვერდე - მესის ფეხბურთიდან წასვლის დღე შორს არ არის
ვალვერდე - მესის ფეხბურთიდან წასვლის დღე შორს არ არის

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ამბობს, რომ შორს არ არის ის დღე, როცა ლიონელ მესი ფეხბურიდან წავა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი, რომელიც საყოველთაოდ არის მიჩნეული მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, რამდენიმე დღის წინ მეექვსედ დასახელდა მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ. როდესაც „ოქროს ბურთი“ ოფიციალურად ჩაიბარა, სამადლობელ სიტყვაში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მაქსიმალურად ისიამოვნეთ ამ მომენტით, რადგან ჩემი წასვლის დღე ახლოვდება“.

„ეს ბუნებრივი და ნორმალურია, რადგან ლეო 32 წლისაა“, – აცხადებს ვალვერდე ამ სიტყვების კომენტირებისას, – „მე არ ვფიქრობ, რომ ის უკვე ფიქრობს წასვლაზე, მაგრამ ეს საკითხი რომ მალე დადგება, ესეც ფაქტია. არ არის საჭირო ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, რადგან ეს ბუნებრივი ამბავია. 32 წლის ასაკში ყველა ფიქრობს წასვლაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ახლავე, ორ-სამ დღეში მოხდება“.

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე მყოფ „რეალ მადრიდს“ ქულებით გაუთანაბრდება.