ვალტერ მაძარი „ნაპოლიდან“ გაუშვეს - გუნდს სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ჩაიბარებს #1TVSPORT
ვალტერ მაძარი „ნაპოლიდან“ გაუშვეს - გუნდს სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ჩაიბარებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია ფრანჩესკო კალცონასთან, რომელიც ნეაპოლური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება – ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო ბაზრის ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ გაავრცელა.

„შეთანხმება მიღწეულია – ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი გახდება. მასთან  კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება. კალცონა პარალელურად სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც დარჩება“, – წერს ნიკოლო სკირა.

ინფორმაცია მოგვიანებით „არეა ნაპოლიმ“ დაადასტურა:

„„Ნაპოლიში“ ფრანჩესკო კალცონას დანიშვნა, ფაქტობრივად, გადაწვეტილია, მაგრამ ჯერ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მან ვალტერ მაძარის თანამდებობიდან გათავისუფლება „ჯენოასთან“ წარუმატებელი თამაშის შემდეგ გადაწყვიტა.

კალცონამ „ნაპოლიში“ ოთხი წელი გაატარა – ჯერ მაურიციო სარის ასისტენტი იყო, შემდეგ კი ერთი წელი ლუჩანო სპალეტისთანაც თანამშრომლობდა.

კალცონა ნეაპოლელთა შეთავაზებას მალე დათანხმდა, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას უფლება მისცა, ივნისამდე იტალიურ კლუბშიც იმუშაოს. ნეაპოლში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება მისთვის უზარმაზარი და მოულოდნელი სიხარულია“, – წერს „არეა ნაპოლი“.

ინფორმაციას ადასტურებს Sky Sports-ი – ავტორიტეტული ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ივნისამდე გააფორმებს და 21 თებერვალს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში გუნდს ის უხელმძღვანელებს.