ვალერიან გვილია პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა და „პიასტთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ვალერიან გვილია პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა და „პიასტთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ვალერიან გვილია კარიერას გლივიცეს „პიასტში“ გააგრძელებს – 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ვალერიან გვილია გლივიცეს „პიასტის“ ახალი მოთამაშეა. 29 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა“, – წერს პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„მოხარული ვარ, რომ გლივიცეს „პიასტში“ ჩავირიცხე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ტრავმის გამო კარიერაში პაუზა მქონდა. ვარჯიში ცოტა ხნის წინ განვაახლე – თვე-ნახევარი ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად ვემზადებოდი.

პოლონეთის ჩემპიონატში ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული და, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს, „პიასტს“ პოლონეთის თასის შეხვედრებში დავეხმარო, ასევე ექსტრაკლასაში დარჩენილ მატჩებში წარმატებული გამოსვლაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გვილიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ვალერიან გვილია 1994 წლის 24 მაისს ზუგდიდში დაიბადა. კარიერის განმავლობაში თამაშობდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ბორისოვოს ბატე-ში, „ლუცერნში“, „ლეგიასა“ და „რაკოვში“.  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

29 წლის ნახევარმცველმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 93 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.