ვალერი კარპინმა ხმები უარყო - ქართველის გუნდს ექს-სპარტაკელი არ გაწვრთნის
ვალერი კარპინმა ხმები უარყო - ქართველის გუნდს ექს-სპარტაკელი არ გაწვრთნის

„როსტოვის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია თამაშობს.

„ამ ინფორმაციის გაცნობისას კარგად ვიცინე. არ ვიცი, ეს ყოველივე საიდან მოიტანეს. მე „როსტოვთან“ ხუთ წლიანი კონტრაქტი მაქვს, ხოლო სანამ გუნდში ამჟამინდელი პრეზიდენტი იქნება, აქედან არსად არ წავალ. „როსტოვში“, ქალაქიდან დაწყებული და კლუბით დამთავრებული, ყველაფერი მაწყობს. არ ვიცი, ჩემზე რამ შეიძლება იქონიოს გავლენა,“ – ამბობს ვალერი კარპინი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემა „ტუტომერკატომ“ გაავრცელა. საქმე იმაშია, რომ მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 22 მატჩში 41 ქულა დააგროვა და რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, იური სიომინთან ურთიერთობა დაეძაბა და თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს.

„ტუტომერკატოს“ ცნობით, უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული რკინიგზის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელები 51 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ ამ დროისთვის ვერ შეთანხმდნენ.