ვალერი გელბახიანი - სააკაშვილი ეროვნული შერიგების გზაზე დგას
ვალერი გელბახიანი - სააკაშვილი ეროვნული შერიგების გზაზე დგას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ვალერი გელბახიანმა მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ძველი წყენები დაივიწყეს.

მედიის შეკითხვაზე, სამართლებრივი პროცესების დაწყების შემდეგ იქნება თუ არა სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით სათადარიგო სტატუსშია“.

„შესაძლოა, მივიღო მონაწილეობა. კატეგორიულად არ შემიძლია რამის თქმა, რადგან ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა სამართლებრივი პროცედურები“, – განაცხადა გელბახიანმა.

გელბახიანის თქმით, სააკაშვილთან მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გელბახიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, თუმცა დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.

„ეროვნული შერიგების გზაზე დგას. უნდა, რომ თანხმობა იქნეს მიღწეული ჯერ ქართველ პოლიტიკურ ელიტაში და შემდეგ ხალხი იყოს ამის მამოძრავებელი ჰეგემონი, ასე ვთქვათ, ძალა. ამ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი, რაც ქართველ ხალხს და საქართველოს სჭირდება.

თქვენ იცით, პოზიცია შეცვლილია. პირველი მოთხოვნა რომ იყო, მანდატები დაეტოვებინა ყველას, ეს პოზიცია აღარ არის. სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს. ამ სტატუსის საშუალებით შეუძლიათ, შეხვდნენ პირადად ციხეზე. გარდა ამისა, არსებობს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები. ვისაც არ აქვს ასეთი, შეუძლიათ ადვოკატის ან დეპუტატის საშუალებით გადასცენ პოზიცია და ასე იყოს მიღწეული. მაგრამ ის, რომ ხალხი თვითონ არის თავისი ქვეყნის ბედის გადამწყვეტი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რასაც ის აცნობიერებს ამ კუთხიდან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და რაც შეეხება პოლიტიკოსებს, უნდა იდგნენ ქართველ ხალხთან ერთად. მაგალითს აძლევს თავისი პირადი ქცევით, რომ ასეთი თავგანწირვით არის შესაძლებელი, ხალხს რწმენა შევძინოთ, რომ ეს ბრძოლა ღირს.

ერთი ნაწილი ჩვენი საუბრისა ეხებოდა სამართლებრივ პრობლემებს. შემდგომ ამ სამართლებრივი პროცესის დაწყებიდან ჩემი მდგომარეობა, იქნება თუ არა მზაობა, რომ ჩავერთო, მე თანხმობა მივეცი. მაგრამ დაწყებული არ არის და ჯერჯერობით არ ვაფორმებ ასეთ ხელშეკრულებას მასთან. თუ დაიწყება სამართლებრივი ნებისმიერი პროცედურა, მათ შორის ადმინისტრაციული, ასეთ შემთხვევაში, მე გადავდებ ყველა საქმეს და ჩავერთვები ამ საქმეში. მაგრამ ჯერჯერობით ვინაიდან არ არის დაწყებული ასეთი თამამი განცხადების გაკეთება, მე არ შემიძლია“, – განაცხადა გელბახიანმა.

გელბახიანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას გულისხმობს შერიგებაში, ოპოზიციის შეთანხმებაში და თავად ხომ არ ასრულებს შუამავლის როლს.

„შეიძლება, ნაწილობრივ იყოს ეს შესასრულებელი. ვისაუბრეთ ამ თემაზე – ვისთან არის საუბარი საჭირო, ვისთან არა. ეს იყო კონფიდენციალური და მე დავიტოვებ ჩემთვის ამ საუბრის დეტალებს. თუმცა, თუ შეხვდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს, მერე ცნობილი გახდება, რომ შედეგი არსებობს“, – განაცხადა გელბახიანმა.

ვალერი გელბახიანის თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმების კუთხით, ამ ხელისუფლებას ვერ აძლევს სტანდარტულ შეფასებას, რადგან „არც ერთ სტანდარტში არ ჯდება“.

„ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად არაორდინალურად. ჩარჩოებიდან და კონსტიტუციიდან ამოვარდნილი განცხადებები აქვთ. აქ უფრო საგარეო ფაქტორმა და საშინაო ხალხის პროტესტმა უნდა მიიყვანოს ერთობლივად ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს შერიგება შედგეს და დასრულდეს საქართველოში ეს პოლარიზაცია“, – განაცხადა გელბახიანმა.

შეკითხვაზე, ირღვევა თუ არა სააკაშვილის უფლებები, ვალერი გელბახიანმა თქვა: „სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც პატიმრობის კანონით არის გათვალისწინებული. მათ შორის, ახლობლებთან შეხვედრით, სატელეფონო ზარებით, როგორც პატიმარს ამისი უფლება აქვს, რაც არის დარღვეული, შეზღუდული. ეს კანონი ჯერჯერობით ძალაშია და რომელიც არ სრულდება, ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ არის დარღვევა. მას აქვს ასევე ბრალდებულის სტატუსიც. ამ სტატუსის მიხედვით, ეს შეზღუდვა აქვს, მაგრამ თუ იქნება სასამართლოს განჩინება, შესაძლებელია, ზარები თავისუფლად განახორციელოს. ეს სასამართლო არ ტარდება, რომ ასეთი განჩინება იყოს სასამართლოს მხრიდან. შეზღუდვა სახეზეა. ცხადია, ითვლება ეს დარღვევად. რაც შეეხება ადამიანური მოპყრობის დარღვევას, ეს თავად უნდა შეაფასოს, რადგან შენობაში ამას ვერ შეაფასებ“.