ვალერი გაგუა „დინამო 2“-ს დაემშვიდობა და შესაძლოა, ეროვნული ლიგის გუნდი ჩაიბაროს #1TVSPORT

13:10, 02.01.2025

ვალერი გაგუამ „დინამო თბილისი 2“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

44 წლის სპეციალისტს არაორდინალური საფეხბურთო კარიერა ჰქონდა – 16-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეკარე იყო, ხოლო ორი წლის შემდეგ, 18-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე თავდამსხმელად ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

გაგუამ ფეხბურთელის კარიერა ნაადრევად დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა მამასთან, ცნობილ მწვრთნელთან, რევაზ გაგუასთან ერთად „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო.

დაარსების დღიდან მუშობდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში, შემდეგ გარკვეული პერიოდი „საბურთალოს“ აკადემიაში გადაინაცვლა, 2019 წლიდან კი კვლავ „დინამოში“ დაბრუნდა და 14-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახდა.

ერთ წელიწადში უკვე „დინამოს“ 19-წლამდელების შემადგენლობას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი – ვიცე-ჩემპიონი.

2024 წელს ვალერი გაგუა „დინამო 2“-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომლის მთავარი ამოცანა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება იყო და დავალება შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი გაგუამ შესაძლოა, ეროვნული ლიგის „თელავი“ ჩაიბაროს. ჯერჯერობით კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, რადგან გუნდის მოქმედ მთავარ მწვრთნელს, კვიპროსელ პაბოს ხრისტოდულუს კონტრაქტი არ დასრულებია.

მსგავსი