„ვალენსიის“ ოფიციალური გვერდი - 100 მატჩით მამარდაშვილი ლა ლიგის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის მოხვდა #1TVSPORT
„ვალენსიის“ ოფიციალური გვერდი - 100 მატჩით მამარდაშვილი ლა ლიგის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის მოხვდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ლა ლიგის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის მოხვდა, – 23 წლის ქართველი მეკარის ამ მიღწევას კლუბის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

„ვიგოს „სელტასთან“ მატჩი გიორგი მამარდაშვილისთვის მეასე იყო „ვალენსიის“ რიგებში. მეკარე გუნდში 2021 წლის ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა. ლა ლიგაში პირველი ოფიციალური მატჩი 2021 წლის 13 აგვისტოს, „მესტალიაზე“, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო 2022 წელს კოპა დელ რეის (ესპანეთის თასი) ფინალში იასპარეზა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ლიგის მეკარეთა შორის ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ტურნირზე „მშრალი“ თამაშების რაოდენობით (13) საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

გარდა ამისა, მამარდაშვილმა და უნაი სიმონმა დასრულებულ სეზონში ყველაზე მეტჯერ მოიგერიეს პენალტი. ის 23-წლამდელთა შორის ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების მაისურით მან 16 მატჩი ჩაატარა და ევრო 2024-ზე გავიდა“, – წერია „ვალენსიის“ ოფიციალურ გვერდზე.