„ვალენსიაში“ მამარდაშვილის წასვლას არ გამორიცხავენ - ყველაზე დიდ ინტერესს „ნიუკასლი“ იჩენს #1TVSPORT
„ვალენსიაში“ მამარდაშვილის წასვლას არ გამორიცხავენ - ყველაზე დიდ ინტერესს „ნიუკასლი“ იჩენს #1TVSPORT

„ვალენსიის“ სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ „რეალ სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ ტელეკომპანია DAZN-თან გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილის წასვლა არ გამორიცხა.

„რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს – მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ასეთ ინტერესს იწვევენ და მათ მსოფლიოს წამყვანი კლუბები აკვირდებიან. მარტივად რომ ვთქვათ, სატრანსფერო ბაზარზე ვმუშაობთ, მოთხოვნის მიხედვით ვიმოქმედებთ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა „ვალენსიის“ სპორტულმა დირექტორმა.

მიგელ ანხელ კორონას კომენტარს ესპანური გამოცემა El Desmarque გამოეხმაურა – მათი ინფორმაციით, წამყვანი ევროპული კლუბების წარმომადგენლები მამარდაშვილის თამაშზე დასაკვირვებლად ესპანეთში იმყოფებოდნენ.

„სპორტულ დირექტორთან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილზე საუბარი გასაკვირი არაა. ქართველი მეკარის მიმართ წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესი დიდია, მისი შეძენა პრემიერლიგის არაერთი გუნდს სურს. ყველაზე დიდ ინტერესს „ნიუკასლი“ იჩენს, „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აკვირდება. მათ გარდა „ინტერისა“ და პსჟ-ის წარმომადგენლები პამპლონაში „ოსასუნასთან“ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და ქართველი მეკარის თამაშს თვალს ადევნებდნენ.

მამარდაშვილის ტრანსფერისთვის დაწესებული თანხის გადახდა ლა ლიგის ბევრ გუნდს ალბათ გაუჭირდება – შარშან ის 25 მილიონად იყო შეფასებული, წელს კი მისი საბაზრო ფასი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ისეთი მატჩები, როგორიც „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ჩაატარა, მის სახელს მხოლოდ აძლიერებს“, – წერს ესპანური გამოცემა.