„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილი სიურპრიზია, დომენეკს კი თამაში სჭირდება და შესაძლოა, გავუშვათ #1TVSPORT
„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილი სიურპრიზია, დომენეკს კი თამაში სჭირდება და შესაძლოა, გავუშვათ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა და მეორედ კარი „მშრალად“ შეინახა. ლა ლიგაში 20 წლის ქართველი მეკარის ასეთი სტარტი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა – ამის შესახებ „მესტალიელების“ მთავარმა მწვრთნელმა „ალავესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მამარდაშვილი? ის სიურპრიზია. მამარდაშვილი მშვენივრად თამაშობს. ჩვენ კარგი მეკარეები გვყავს და ისინი გუნდის დასახმარებლად ბევრს შრომობენ“, – განაცხადა ბორდალასმა.

„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, იესპერ სიელსენის შემდეგ მეორე მეკარე ხაუმე დომენეკიც მალე მომჯობინდება, მაგრამ მიანიშნა, რომ შესაძლოა, ის იჯარით გაუშვას: „ის ჯერ კიდევ ასი პროცენტით არ გამოჯანმრთელებულა. საერთო ჯგუფთან უკვე ვარჯიშობს, მაგრამ არა ასი პროცენტით, სამატჩო განაცხადში ამიტომ ვერ შევიყვანეთ. ჩვენ ახლა ოთხი მეკარე გვყავს და მათი იმედი მაქვს. არ ვიცით რა მოხდება სეზონის დასრულებამდე. საბოლოო ჯამში, მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ამიტომ არის შანსი, რომელიმე მეკარე იჯარით წავიდეს და პრაქტიკა მიიღოს. ეს მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდისთვის (რომელიც ესპანეთის რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობს) აყვანილმა მამარდაშვილმა „მესტალიელებზე“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სეზონის დაწყების შემდეგ სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.