„ვალენსიას“ მეთოდოლოგიას დავნერგავთ და ტალანტებს მთელ საქართველოში შევარჩევთ - „საბურთალომ“ ესპანელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა #1TVSPORT
„ვალენსიას“ მეთოდოლოგიას დავნერგავთ და ტალანტებს მთელ საქართველოში შევარჩევთ - „საბურთალომ“ ესპანელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ, „ვალენსიას“ აკადემიის ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ოტერომ და „ვალენსიას“ წარმომადგენელმა სერხიო ჩულვიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ღონისძიებას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა უმასპინძლა.

„ვალენსიას“ აკადემიის დირექტორი თბილისში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ჩამოვიდა. საქართველოს მარკო ოტერო „საბურთალოსა“ და „ვალენსიას” თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.

კახა კაშია, „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი: 

„მოხარული ვარ, ეს თანამშრომლობა რომ იწყება. მიმაჩნია, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც არა მხოლოდ „საბურთალოს“ არამედ მთელ ქართულ ფეხბურთს წაადგება. თანამშრომლობა დაწყებულია ლევან სარალიძის ინიციატივით, რომელიც წლებია ევროპაში მუშაობს და დიდ დახმარებას გვიწევს“.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი: 

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს პარტნიორობა მთლიანად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში მოდურია ფრანჩიზა, რომელიც ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული. ჩვენს შემთხვევაში კი მთავარი კომპონენტი სპორტულ მხარეა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს – ჩვენი ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა. ხელშეკრულება სამ წელზეა გათვლილი. „საბურთალოში“ საწვრთნელი პროცესი ისე წარიმართება, როგორც „ვალენსიაში“, რომელსაც ესპანელების შერჩეული მწვრნთელი გაუძღვება. ადრე გვყავდა ესპანელი მწვრთნელი, რომელმაც ჩვენს აკადემიაში დიდი კვალი დატოვა, მაგრამ მხოლოდ ერთი სპეციალისტის გამოცდილება საკმარისი არაა, ახლა კი „ვალენსიას“ მეთოდოლოგიას დავნერგავთ, ნიჭიერ ბავშვებს კი მთელ საქართველოში შევარჩევთ“.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და ესპანურ „ვალენსიას“ შორის სამწლიანი ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაფორმდა. აღნიშნული პროექტი მრავალმხრივი იქნება – კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, მწვრთნელები ცოდნას გაიღრმავებენ, ნიჭიერი ბავშვები ესპანეთში სტაჟირებაზე გაემგზავრებიან. კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იქნება. „ვალენსიამ“ საქართველოში წარმომადგენელი უკვე გამოაგზავნა – სერხიო ჩულვი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.