„ვალენსიას“ მამარდაშვილის სეივებმაც ვერ უშველა - „მესტალიელები“ მადრიდში „ატლეტიკომ“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსიას“ მამარდაშვილის სეივებმაც ვერ უშველა - „მესტალიელები“ მადრიდში „ატლეტიკომ“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „ატლეტიკომ“ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ 3:0 დაამარცხა და რომ არა ქართველი მეკარე, უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა.

„ვალენსიას“, რომელიც გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერია, ლიგაში დასარჩენად ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან ჩაატარა, სასწაული არ მოხდა.

„ატლეტიკო“ დიდ უპირატესობას ფლობდა, სტუმრების დაცვაც სუსტად გამოიყურებოდა და მადრიდელებმა პირველივე ტაიმში რამდენიმე მომენტი შექმნეს. პირველად მამარდაშვილი საქმეში მე-20 წუთზე ჩაერთო, როდესაც ხუთიოდე მეტრიდან მემფის დეპაის დარტყმული მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

24-ე წუთზე მსგავს ვითარებაში ანტუან გრიზმანი აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა. გიორგიმ 39-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოასწორა „ვალენსიას“ დაცვის შეცდომა და იანიკ კარასკოს დარტყმას გადაეღობა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე „ვალენსიას“ დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და „ატლეტიკოს“ უპირატესობა კარასკომ გაზარდა 2:0. 67-ე წუთზე კი მადრიდელთა შეტევა ტომას ლემარმა მესამე გოლით დააგვირგვინა – 3:0

„ვალენსია“ ისევ დამარცხდა, ლა ლიგაში გამართული 26-ე ტურის შემდეგ 26 ქულით მე-17 ადგილზეა და ლა ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.