„ვალენსიას“ აკადემიის დირექტორი - ვინც ჩვენს ძირითადში ვერ მოხვდება, შეიძლება „საბურთალოს“ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე დაეხმაროს #1TVSPORT
„ვალენსიას“ აკადემიის დირექტორი - ვინც ჩვენს ძირითადში ვერ მოხვდება, შეიძლება „საბურთალოს“ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე დაეხმაროს #1TVSPORT

„ვალენსია“ და „საბურთალო“ ერთობლივ მუშაობას უკვე შეუდგნენ. ესპანურმა კლუბმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი სერხიო ჩულვი, რომელიც თბილისში იცხოვრებს და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. თბილისში იმყოფება „ვალენსიას“ აკადემიის დირექტორი მარკო ოტერო, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე მოვლენებში.

ესპანური გუნდის წარმომადგენლები საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დახმარებით ესტუმრნენ – მათ „საბურთალოსთან“ შეთანხმებულ პროექტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„დიდი პატივია ჩემთვის საქართველოში ყოფნა. „საბურთალო“, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობა ბავშვების აღზრდაზე განსაკუთრებით ზრუნავს. „ვალენსია” 100 წლის მქონე კლუბია. გვინდა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და გვერდში დავუდგეთ „საბურთალოს“. გვსურს, გავზარდოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში ითამაშებენ. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მესმის, რომ ყველა დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ ისინი ჩვენს სისტემაში ღირსეული ადამიანებად გაიზრდებიან. საქართველოში გამოვგზავნეთ „ვალენსიას“ ერთ-ერთი საუკეთესო კადრი, რომელიც უკვე 10 წელია ჩვენს კლუბში მუშაობს. მისი საქმიანობის პერიოდში ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაზრდილა და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბავშვებს, მშობლებს, მწვრთნელებს, ყველას ექნებათ საშუალება, რომ „ვალენსიას“ გამოცდილება გაიზიარონ“, – განაცხადა მარკო ოტერომ.

„ვალენსიას“ აკადემიის დირექტორმა „საბურთალოს“ მწვრთნელთან შეხვედრაზეც ისაუბრა: 

„ძალიან მომეწონა „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის მიდგომა ფეხბურთისადმი, მსჯელობა, ხედვა. სურს განვითარდეს და ყოველდღიურად მეტი და მეტი შეიძინოს. მთავარ გუნდს თუ დასჭირდება, რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება, ვიმსჯელებთ, ავწონ-დავწონით და ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ვინც „ვალენსიას“ ძირითად გუნდში ვერ მოხვდება, შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს და დაეხმაროს გუნდს, როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე. დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ადგილს „ვალენსიაში“, კარი ყველასთვის ღიაა. ამავდროულად, საქართველოდანაც შეიძლება პირდაპირ ლა ლიგაში მოხვდე, ამის კარგი მაგალითი გიორგი მამარდაშვილია”.

სერხიო ჩულვი, „ვალენსიას“ წარმომადგენელი „საბურთალოში“: 

„მადლობა, რომ ამ პროექტში ჩართვისა და მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მოტივირებული ვარ. „საბურთალო“ ახალგაზრდული, მაგრამ ტიტულოვანი და ტრადიციული კლუბია. მისასალმებელია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველო ძალიან კარგი და ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც შესანიშნავი კულტურა აქვს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ახლოს გავიცნობ, როგორც „საბურთალოს“, ასევე საქართველოს“.