„ვალენსიამ“ „ხეტაფესთან“ წააგო - გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
„ვალენსიამ“ „ხეტაფესთან“ წააგო - გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგაში „ხეტაფეს“ ესტუმრა და მოედანზე ცხრა მოთამაშით დარჩენილმა მატჩი 0:1 წააგო.

უგოლოდ დასრულებულ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია.

მეორე ტაიმში „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა. მთავარმა არბიტრმა სტუმრების ბრაზილიელ მცველს, გაბრიელ პაულისტას მეორე ყვითელი ბარათი 50-ე წუთზე აჩვენა და გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„ხეტაფემ“ რიცხობრივი უპირატესობით შეხვედრის ბოლოს ისარგებლა. 87-ე წუთზე კარის წინ დარჩენილმა ბორხა მაიორალმა ზუსტად დაარტყა და გუნდი დააწინაურა. ორ წუთში კი არბიტრმა მეორე ვალენსიელი, ხავი გუერაც გააძევა. მალე „ხეტაფეს“ ფეხბურთელს, დომინგოს დუარტესაც დაატოვებინეს მოედანი, მაგრამ „ვალენსიამ“ ამით ვეღარ ისარგებლა.

საინტერესოა, რომ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი მეკარე დაასახელა და არა გოლის ავტორი მაიორალი. ეს გიორგი მამარდაშვილისთვის სეზონში მესამე ასეთი აღიარებაა.

„ვალენსია“ კი ლა ლიგაში გამართული 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მეათე ადგილზეა.