„ვალენსიამ“ ისევ წააგო - მამარდაშვილი ამჯერადაც საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ „ჟირონასთან“ „ვალენსია“ მაინც ვერ გადარჩა და 0:1 დამარცხდა.

ლა ლიგის მე-20 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები, რომლებიც კარგ ფორმაში არ იყვნენ – ამიტომ მაღალი ტემპი მოულოდნელი აღმოჩნდა. მეტი შანსი „ჟირონამ“ შექმნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედოდ გამოიყურებოდა – ჯერ გარსიას დარტყმა მოიგერია, რამდენიმე წამში კი – კასტელანოსის თავური დარტყმა.

„რეალთან“ მატჩის მსგავსად, ქართველი მეკარე სტუმართა შორის კვლავ საუკეთესო იყო – მამარდაშვილს ყველაზე ხშირად უწევდა პირველ ტაიმში თამაშში ჩართვა. „ჟირონამ“ მიზანს მეორე ნახევარში მაინც მიაღწია – როდრიგო რიკელმეს გამოსვლა გადამწყვეტი ცვლილება აღმოჩნდა. მისი გადაცემით ბორხა გარსიამ საჯარიმო მოედნის გარედან 73-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

„ვალენსია“ ვარდნას განაგრძობს. გუნდმა სეზონის განახლების შემდეგ ლიგაში ერთი მატჩიც ვერ მოიგო, ყველა ტურნირზე კი ზედიზედ ოთხი თამაში წააგო და 20 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-17 პოზიციაზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ „კადისს“ კი მხოლოდ ქულით უსწრებს.