გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიიდან“ წასვლის საკითხი დღის წესრიგშია. ესპანური კლუბი ქართველს 30 მილიონ ევროდ აფასებს, – ინფორმაციას fcbinside-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიუხენის „ბაიერნში“ მეკარეთა საკითხი ძალიან აქტუალურია. იან სომერსა და ალექსანდრ ნუბელს წასვლა სურთ, ხოლო მიუნხენელები მანუელ ნოიერის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავენ.
„ბაიერნში“ ახლა მხოლოდ ჰარი კეინის ტრანსფერზე არ მუშაობენ და დიდია ალბათობა, რომ მეკარის პოზიციაზე ახალი სეზონის წინ ბევრი რამ შეიცვალოს. იჯარიდან დაბრუნებულ ალექსანდრ ნუბელს ორი ვარიანტი აქვს – „შტუტგარტი“ და „ლიდსი“. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. მეორე მხრივ, იან სომერი უკვე შეუთანხმდა მილანის „ინტერს“ და იტალიურ გუნდში ანდრე ონანას შეცვლის.
როგორც fcbinside-ი გვამცნობს, ამ მეკარეების ალტერნატივად „ბაიერნი“ მამარდაშვილს განიხილავს და იგი სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზეა. „ვალენსიაც“ მზადაა, ქართველი გაყიდოს. ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა „ღამურები“ მხოლოდ 30 მილიონი ევროზე იქნებიან თანახმანი.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელები მამარდაშვილს 37 წლის მანუელ ნოიერის შემცვლელად გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებენ. შესაძლებელია, რომ ნუბელისა (10 მილიონი) და სომერის (6-8 მილიონი) გაყიდვამ გიორგის სატრანსფერო საფასურის ნახევარი დააფინანსოს.