„ვალენსიადან“ მამარდაშვილის მთავარ კონკურენტს უშვებენ - გატუზო სილესენის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT
„ვალენსიადან“ მამარდაშვილის მთავარ კონკურენტს უშვებენ - გატუზო სილესენის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT

2021 წლის ზაფხულში „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში სათამაშოდ მიყვანილმა გიორგი მამარდაშვილმა იმდენს მიაღწია, გუნდის მთავარი მეკარე გახდა, ხოლო მის გამო გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იესპერ სილესენის გაშვება გადაწყვიტა – ამის შესახებ წერილს გამოცემა fichajes აქვეყნებს.

ვალენსიას ტრანსფერები

„ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ, „ვალენსიაში“ გუნდის შემადგენლობის ძირეულად შეცვლაა მოსალოდნელი. იტალიელ მწვრთნელს, „მესტალიაზე“ მოსვლის შემდეგ, სიაში ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სურს. ამ სატრანსფერო ბაზარზე, ყველაზე დიდი შანსი, რომ გუნდში კარიერა დაასრულოს, ნიდერლანდელ მეკარე იასპერ სილესენს აქვს.

მამარდაშვილის „აფეთქების“ შედეგად „ვალენსიამ“ ფსონი აწმყოსა და მომავალში ქართველ მეკარეზე დადო. გუნდი ძალიან ახლოსაა, რომ გამოაცხადოს მისი კონტრაქტის გახანგრძლივების და გაუმჯობესების შესახებ. ამით „ვალენსიამ“ იასპერ სილესენი დატოვა დელიკატურ ვითარებაში. როგორც გაზეთი „მარკა“ ამტკიცებს, სილესენს წასვლა მოუწევს. ჯენარო გატუზომ კი კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ 33 წლის მეკარეს ახალი გუნდის პოვნაში დაეხმაროს.

ალტერნატივა, რომელსაც შეიძლება „ვალენსია“ სილესენის წასვლის შემთხვევაში დაეყრდნოს, იქნება ფსონის დადება კრისტიან რივეროზე. მან სარეზერვო გუნდში წინასასეზონო პერიოდში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ თუ ის გატუზოს არ მოეწონება, ეს აიძულებს „ვალენსიას“ თვალყური ადევნოს სატრანსფერო ბაზარს და ეძებოს დაბალანაზღაურებადი ვეტერანი მეკარე და ამით დაასრულოს 2022/2023 წლების სეზონისთვის დაკომპლექტება“, – წერს fichajes.

გიორგი მამარდაშვილს შვებულება უკვე დაუსრულდა, ესპანეთში გაემგზავრა და „ვალენსიას“ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. მალე გუნდს და 21 წლის მეკარეს საკონტროლო თამაშები ელის.