ვალენსია კვლავ დაუმარცხებელია, რეალი გაჭირვებით იგებს
ვალენსია კვლავ დაუმარცხებელია, რეალი გაჭირვებით იგებს

ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონას ვალენსიასთან ისევ 4 ქულიანი უპირატესობა აქვს. რეალმა და ატლეტიკომ კი 2-2 ქულით შეამცირეს ლიდერთან ჩამორჩენა და ახლა ბარსელონასთან 10-ის ნაცვლად 8 ქულას აგებენ.

მე-13 ტურის მთავარ მატჩში მესტალიაზე ვალენსიამ ბარსელონა მიიღო და არ წააგო – ფრე 1:1.  პირველი ტაიმში კატალონიელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, კარშიც  6-ჯერ დაარტყეს ზუსტად და გოლიც გაიტანეს, მაგრამ ბურთმა კარის ხაზი რომ გადაკვეთა, მსაჯების გარდა ყველამ დაინახა. ვილანუევამ მესის სუფთა გოლი არ ჩათვალა. არგენტინელმა ზედიზედ 6 შეხვედრაში ვერ გაიტანა, ასეთი რამ კი მხოლოდ 7 წლის წინ მოხდა. მეორე ნახევარში როდრიგომ ღამურები დააწინაურა. ვალენსიამ მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად კარში და გაიტანა. მასპინძელთა 8-მატჩიანი გამარჯვებათა სერია ალბამ დაასრულა. ფრე 1:1.

რეალმა მალაგას გაჭირვებით მოუგო – 3:2. მალაგამ, რომელსაც ამ სეზონში სტუმრად ბურთი არ ჰქონდა გატანილი 2-ჯერ მოახერხა გათანაბრება, გამარჯვების გოლი რონალდომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. რონალდომ პენალტიდან მალაგას ისევ ვერ გაუტანა. მან ანდალუზიელთა კარში დარტყმული 7 პენალტიდან 4 გააფუჭა. უგოლო სერია ბენზემამ პრიმერაშიც დაასრულა. ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩშიც გაიტანა და ახლა ჩემპიონატშიც შეწყვიტა 7-მატჩიანი უგოლო სერია.

ატლეტიკოს ბოლო პერიოდში გოლების გატანა ძალიან უჭირს, მაგრამ ლევანტესთან გასვლითი მატჩი გამონაკლისი აღმოჩნდა. სიმეონეს გუნდმა 5:0 მოიგო. 2-2 გოლი გაიტანეს გრიზმანმა და გამეირომ, ერთიც ავტოგოლი იყო. ჩემპიონატში ატლეტიკო მე-18 შეხვედრას არ აგებს სტუმრად და დაუმარცხებელია ლა ლიგაში, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო სტარტია.

სევილიამ პირველმა თუ არ გაუშვა, ისე გოლი არ გააქვს. ასე იყო წინა ტურში სელტასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან 0:3-დან 3:3 ალბათ კარგა ხანს გვემახსოვრება, ახლა კი ვილიარეალთან გასვლაზე 0:2 აგებდა და 3:2 მოიგო.

ბეტისისა და ჟირონას მატჩში ფეხბურთელებმა 2 გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს – ფრე 2:2. ასეთი შედეგით კიდევ 2 მატჩი დასრულდა. ბილბაო 5 მატჩია ვერ იგებს, ამჯერად  ბასკებმა ფრედ ითამაშეს დეპორტივოსთან. ლას-პალმასმა ქულის აღება სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან შეძლო. ლეგანესმა ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო: იაგო ასპასმა ზედიზედ მე-11 პენალტი დაარტყა ზუსტად და მისი გოლით სელტამ ლეგანესს 1:0 მოუგო. ალავესისა და ეიბარის ბასკურ დერბიში კი ეიბარმა 2:1 მოიგო.

ტური დღეს, ესპნიოლი-ხეტაფეს მატჩით დასრულდება.