ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსეს“ ქულა მოუტანა [ვიდეო]

„მეიჯორ ლიგ სოქერის“ (MLS) მე-11 ტურის შეხვედრაში დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი „სან ხოსე ერსქვეიქსი“ „პორტლენდ ტიმბერსს“ დაუზავდა. კალიფორნიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და გოლის გარდა არაერთი ეპიზოდი შექმნა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი – გურამ კაშია, სამატჩო განაცხადში არ იყო.

პირველი გოლი „ტიმბერსმა“ 34-ე წუთზე გაიტანა, როდესაც იმი ჩარა თავისი ძმის გადაცემას საჯარიმოს მისადგომებთან დაეუფლა, მცველს მარტივად გაუმკლავდა და ზუსტად დაარტყა. „სან ხოსეს“ გოლის გაშვებიდან ოთხ წუთში მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი. ყაზაიშვილმა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, კარგად დაამუშავა და მარჯვენა კუთხისკენ ტექნიკურად დაარტყა. აშკარად ჩანდა, რომ ამ ეპიზოდში მეკარე უძლური იყო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და „პორტლენდი“ გადარჩა.  ვაკომ თავისი გოლი მაინც გაიტანა – მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ქართველმა თავდამსხმელმა ვონდოლოვსკისთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მეკარეს ცრუ მოძრაობით გასცდა და ზუსტად დაარტყა. მისი დარტყმა მცველმა კარიდან გამოიტანა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც ვიდეო მსაჯმაც დაადასტურა და გოლი ჩაითვალა – 1:1.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ერსქვეიქსს“ 11 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი