ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ამას სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის აღიარებაც მეტყველებს. 29 წლის ქართველი შემტევი K-ლიგა 1-ის მე-19 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ „დაეგუ“ 3:1 დაამარცხა, ვაკომ კი ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. 66-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 90+4-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ „ულსან ჰიუნდაი“ 47 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, „სეულს“ 15 ქულით ასწრებს. აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილს „ულსანში“ საუკეთესო შედეგი პირველ სეზონში ჰქონდა – 34 მატჩში 9 გოლი. ახლა კი 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირია.

შემთხვევითი არაა, რომ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა „ულსანის“ წლევანდელ წარმატებაში ქართველის როლი გამოარჩია.

„ამჟამად, „ულსანი“, K-ლიგა 1-ის ლიდერია. გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. ვაკო ამ აღმავლობის მთავარი მიზეზია. ბოლო სამ თამაშში მან გაიტანა ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ლიდერობს ლიგის ბომბარდირებში ჯუ მინ გიუსთან (10 გოლი, ერთი საგოლე პასი) ერთად 10 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით. ის გადაწყვეტილების მიღებისას საუკეთესო უნარებს ავლენს“, – წერს გუნდის ოფიციალური გვერდი.