ვაკო გვილია ფეხბურთს დაუბრუნდა და მომავალ სეზონს „დინამო თბილისში“ გაატარებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვაკო გვილია „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია! ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თბილისში შეუერთდება“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში, სადაც ვაკო გვილიას პირველი კომენტარიც გამოქვეყნდა.
„ბედნიერი ვარ მოედანზე დაბრუნებით და „დინამო თბილისის“ რიგებში ყოფნით. ვიმედოვნებ, წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება“, – განაცხადა ვაკო გვილიამ.
ვაკო გვილია ზუგდიდელია. მან კარიერა უკრაინაში, ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა ბელარუსში – „მინსკსა“ და „ბატეში“, შვეიცარიულ „ლუცერნში“, პოლონურ „გურნიკში“, „ლეგიაში“, „რაკუვსა“ და „პიასტში“.
გვილია პოლონეთის სამგზის ჩემპიონია, ასევე მოგებული აქვს ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ გახდა ჩემპიონი და ერთხელ – სუპერთასის მფლობელი. ვაკო გვილია საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წევრი იყო. „ჯვაროსნებში“ 44 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.