ვახუშტი მენაბდე - ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის ბუნებრივი ბარიერის წარმოდგენა ძალიან კარგი გამოსავალია
ვახუშტი მენაბდე - ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის ბუნებრივი ბარიერის წარმოდგენა ძალიან კარგი გამოსავალია

ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის ბუნებრივი ბარიერის წარმოდგენა ძალიან კარგი გამოსავალია, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ხარვეზს ვერ მოვუძებნით; ყველა სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ ჩვენი საჭიროებებიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა, ძალაუფლების კონცენტრაცია, კონსენსუსის კულტურის არარსებობა და ყველა ამ პრობლემის პირდაპირი წამალი არის ბუნებრივი ბარიერი“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, მომავალი პარლამენტის გამოწვევა იქნება ის, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება და ეს პარლამენტი მაღალი ალბათობით, მნიშვნელოვან რეფორმებს ვერ გაატარებს, მაგრამ თითოეული გადაწყვეტილება, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, ნამდვილად იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„ამ საარჩევნო სისტემაში იმგვარი პარლამენტი ჩამოყალიბდება, რომელიც პოლიტიკურ მოთამაშეებს იძულებულს გახდის, კონსენსუსზე ორიენტირებული ხედვები და კულტურა ჩამოიყალიბონ“, – განაცხადა მენაბდემ.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, შესაძლოა, ნულოვანი ბარიერის პირობებში იყოს ე.წ ეფექტიანობის პრინციპის პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მისთვის, ამ ეფექტიანობის პრინციპს წარმომადგენლობის პრინციპი აღემატება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუწყობს თუ არა ხელს ნულოვანი ბარიერი ამომრჩევლის აქტივობის გაზრდას, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება.

„მოქალაქეს აქვს განცდა, რომ მის მიერ მიცემული ხმა უფრო ადვილად იპოვის წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში და ამის გათვალისწინებით, ამომრჩეველთა აქტივობა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება. ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, როგორ პასუხს გასცემენ ამ მოლოდინს პარტიები. ცხადია, ისინიც ეცდებიან, რაც შეიძლება, ფართო საარჩევნო კამპანია აწარმოონ და რაც შეიძლება, მეტ ამომრჩეველთან მივიდნენ, რადგან ამ ტიპის საარჩევნო სისტემაში თითოეულ ხმას ძალიან დიდი წონა აქვს“, – განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, თუ არსებობს 14 000 მოქალაქე, რომელიც ხმას კონკრეტულ პარტიას აძლევს, ამ ამომრჩევლებს ბარიერები არ უნდა შეექმნათ.

„ეს პარტია მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მისი ლიდერი მარტოხელაა, მარტოსულია თუ დეპრესიული, ამომრჩეველი აძლევს ხმას და რატომ უნდა შევუქმნათ ბარიერები მათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ წარმოდგენილი? თუ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიის წარმომადგენლობითი მოდელი მაქსიმალურად კარგად მაშინ განხორციელდება, როცა საზოგადოებაში არსებული განწყობები ადეკვატურად იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ბარიერის თითოეული პროცენტით გაზრდა პროპორციულად გვაშორებს ხალხის განწყობების ამ იდეალურ წარმოდგენას“, – განაცხადა მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტმა ასევე განაცხადა, რომ ერთი და ორკაციანი პარტიები საერთო ჯამში, მაქსიმუმ, ათ მანდატს თუ მოაგროვებენ, დანარჩენს კი შედარებით მსხვილი პარტიები მიიღებენ.

„მათ შორის, ამ სისტემით აქამდე ჩატარებული არჩევნების მოდელირებები რომ გავაკეთოთ, ცხადია, ამას პირდაპირ ვერ გადმოვიტანთ, მაგრამ რაღაც მიახლოებით სურათს გვაძლევს“, – განაცხადა მენაბდემ.