ვახტანგ ყოლბაიამ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა
ვახტანგ ყოლბაიამ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკში, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახს და განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა არა მარტო მისი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ყოლბაიას თქმით, ასეთი ფაქტები ოკუპაციის გაგრძელება. ყოლბაია იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორი ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამოძიების პროცესში.

1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. გარდაცვლილის ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.

ირაკლი კვარაცხელიას ხვალ სენაკის საკათედრო ტაძარში, 12:00 საათზე დაასვენებენ და 14:00 საათზე სენაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.