ვახტანგ სალიამ „ნიუკასლის“ ახალგაზრდული გუნდის რიგებში სეზონი გოლით გახსნა #1TVSPORT
ვახტანგ სალიამ ინგლისის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში „ნიუკასლის“ მაისურით პირველად გამოიჩინა თავი, მაგრამ გუნდის წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 3:5 დამარცხდა.
18 წლის ფეხბურთელი „კაჭკაჭების“ ახალგაზრდული გუნდის განაცხადში იყო და ინგლისის ეროვნული ლიგის თასზე (ტურნირს ოფიციალურად ასე ეწოდება) მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, თავი კი სწრაფად გამოიჩინა.
სალიამ, რომელიც „ნიუკასლში“ გასულ ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა, შესვენებაზე მაიკლ მილსი შეცვალა და მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც სამ წუთში (48-ე წუთზე) ანგარიში 2:3 გახადა. 71-ე წუთზე კი მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 18 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, მეკარე რის ლოვერტმა ბურთის მოგერიებისას ვერაფერი გააწყო და, გოლის ნაცვლად, ავტოგოლი გაფორმდა.
„ვახტანგ სალიამ გოლი გაიტანა 21-წლამდელების სეზონის პირველივე თამაშში „ტამუორთის“ წინააღმდეგ. ქართველ ტალანტს გამორჩეული სეზონი ელის“, – ასე გამოეხმაურა სამენეჯერო გვერდი TomTalksToon-ი სალიას წარმატებულ თამაშს.