ვახტანგ სალია – ვარჯიში განვაახლე, „ნიუკასლში“ თამაშებიც ჩავატარე და, ვფიქრობ, ფორმაში შევდივარ #1TVSPORT
„ნიუკასლის“ ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელი, ვახტანგ სალია (რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნიუკასლის“ მთავარი გუნდის განაცხადში იყო), საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შეკრებას შეუერთდა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო და მომავალ თამაშებზე კომენტარი გააკეთა.
ახალგაზრდული ნაკრები 26 სექტემბერს, 19:00 საათზე, „მიხეილ მესხზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს, პირველ ოქტომბერს შოუგრაუნდსში ჩრილოეთ ირლანდიას ესტუმრება, ხოლო 6 ოქტომბერს ბილეფელდში გერმანიას დაუპირისპირდება – მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველია არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
„ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ბოლო ორი წელი, რადგან არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დროა, დავბრუნდე და ქომაგებს ჩემი შესაძლებლობები ისევ ვაჩვენო. ვარჯიში ცოტა ხნის წინ განვაახლე, რამდენიმე თამაშიც ჩავატარე და, ვფიქრობ, ფორმაში შევდივარ.
გულშემატკივარს ვთხოვ, საბერძნეთთან შეხვედრას დაესწროს, რადგან, ჩემი აზრით, საინტერესო თამაში იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთი დავამარცხოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ“, – თქვა ვახტანგ სალიამ.