ვახტანგ სალია - მოუთმენლად ველი, როდის ჩავალ ინგლისში და „ნიუკასლს“ გავეცნობი # 1TVSPORT
წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოებაზე ვახტანგ სალია, რომლის ტრანსფერიც პრემიერლიგის „ნიუკასლს“ ეკუთვნის, 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის გამოარჩიეს და მას ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედალი გადაეცა.
საქართველოს პირველ არხთან 17 წლის თავდამსხმელმა ინგლისურ კლუბთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:
„„ნიუკასლში“ გადასვლით უბედნიერესი ვარ. მოუთმენლად ველოდები, ინგლისში როდის ჩავალ, კლუბს ვნახავ და იქაურ გარემოს გავეცნობი. ჯერ ვერ ვიტყვი, ზაფხულში რა მოხდება, „ნიუკასლში“ დავრჩები თუ იჯარით სხვა კლუბში გამიშვებენ.
ჩემთვის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა დიდი მოტივაციაა და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მათ მოთხოვნებს რაც შეიძლება მალე შევეგუო და პრემიერლიგის ტემპსა და დინამიკას სწრაფად ავუწყო ფეხი“.
„ნიუკასლმა“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი „დინამო თბილისიდან“ ოქტომბრის ბოლოს გამოისყიდა. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი ახალ კლუბს 2025 წლის ზაფხულიდან უნდა შეუერთდეს, მანამდე კი იჯარით „დინამო თბილისში“ ითამაშებს.
2024 წლის ბოლოს „ტრანსფერმარკტმა“ 17 წლის თავდამსხმელი, 16 წლის საბა ხარებაშვილთან ერთად, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშედ დაასახელა – ორივე მათგანის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა.