ვახტანგ მეგრელიშვილი - მხარს ვუჭერთ ამნისტიას, გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას
ვახტანგ მეგრელიშვილი - მხარს ვუჭერთ ამნისტიას, გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას

მხარს ვუჭერთ ამნისტიას, გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის საკითხზე საუბრისას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ მხარეებს მეტი სურვილი უნდა ჰქონდეთ, პოლარიზაცია დასრულდეს.

„ზოგადად, მხარს ვუჭერთ ამნისტიას, პირველები ვიყავით, ვისაც გვინდოდა შერიგება და პოლარიზაციის დასრულება ამ ქვეყანაში. შემდგომში, ფაქტობრივად, წამოგვეხმარა ევროკავშირის პროექტი, შერიგების პროექტი, რომელმაც იგივე იდეა გაატარა. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს ამნისტიას.

შემდგომი პრობლემა არის, რომელი პროექტი უფრო ახლოს არის შემოთავაზებასთან, რომელიც მივიღეთ შარლ მიშელის ვიზიტის დროს.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას. განსხვავებული ინტერპრეტაცია არის ოპოზიციის ვერსიაში და მე მგონია, მხარეებს უფრო მეტი სურვილი უნდა ჰქონდეთ, პოლარიზაცია დასრულდეს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იმ შენიშვნასაც თუ გაითვალისწინებს, რომელზეც იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ვერსია ბევრად ახლოა იმ სულისკვეთებასთან. ამიტომაც, გუშინ მე დავუჭირე მხარი პირველი მოსმენით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.