ვახტანგ მეგრელიშვილი - ევროკავშირი თუ იხდიდა ნიკა მელიას გირაოს, გასაგები ხომ იყო, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს და არ მესმის მელიას გადაწყვეტილება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ევროკავშირი თუ იხდიდა ნიკა მელიას გირაოს, გასაგები ხომ იყო, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს და არ მესმის მელიას გადაწყვეტილება

ყველანი ვცდილობდით, მოგვეგვარებინა კონფლიქტი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს, ნიკა მელიას ინტერესების გათვალისწინება საერთოდ არ ყოფილა ჩემს ამოცანებს შორის, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმით, ევროკავშირი თუ იხდიდა ნიკა მელიას გირაოს, გასაგები იყო, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს.

„ჩემი ამოცანა იყო, ამ შეთანხმებაზე მუშაობის განმავლობაში მონახულიყო ისეთი ფორმულირება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, კრიზისი დაგვესრულებინა და სხვა რეჟიმში გადავსულიყავით. გადასარევად გვესმოდა, რომ ნიკა მელიას საკითხი პრობლემაა შეთანხმებისთვის. ამიტომ ძალიან მოგვეწონა ის შემოთავაზება, რომელიც მიშელმა და მისმა წარმომადგენელმა უთვალავჯერ გაგვიმეორეს და რაც გულისხმობდა, რომ რეალურად ევროკავშირი აღიარებდა ნიკა მელიას, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. თუ ევროკავშირი იხდიდა იმ ფულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნიკა მელიას გირაოსთვის იყოს გათვალისწინებული, ხომ გასაგები იყო, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს ევროკავშირის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, მე საერთოდ არ მესმის ნიკა მელიას გადაწყვეტილება. მესმის, როდესაც ადამიანი არის საპყრობილეში მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება სტანდარტული არ იყოს, მაგრამ ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, ეს ხომ ამ შეთანხმების საბოტირებას ნიშნავს. მაშინ, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილი, როგორც აღმოჩნდა, მომხრეა ამ შეთანხმების.

ნიკა მელიას ციხეში ჯდომა თუ უნდა, ჩვენ მოვიფიქრებთ მექანიზმს, როგორ შეიძლება, ის იქ იყოს. მაგრამ კონფლიქტის გადაჭრისთვის არის საჭირო ნიკა მელიას გარეთ ყოფნა. როგორც დღეს წავიკითხე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა იხუმრა, შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ მეორე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდეს ნიკა მელიას გასათავისუფლებლადო, ასეთ სასაცილო მდგომარეობამდე არ უნდა მივიყვანოთ საკუთარი მდგომარეობა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.