ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენთვის ეს არჩევნები ჩვენი საპარლამენტო მანდატების ლეგიტიმაციის არჩევნებიც იქნება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენთვის ეს არჩევნები ჩვენი საპარლამენტო მანდატების ლეგიტიმაციის არჩევნებიც იქნება

ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით, მე არ ვუყურებ ამ არჩევნებს, როგორც ჩვეულებრივ, რიგით ადგილობრივ არჩევნებს, სადაც გვინდა, ადამიანები გავიყვანოთ, რომ მერე, იმათ რაღაც კანალიზაცია უკეთესად გაიყვანონ, ვიდრე დღეს არის, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ არის მნიშვნელოვანია, ეს ორგანოები რეალური თვითმმართველობის პროფანაცია რომ არ იყოს.

„ჩვენს ქვეყანას, ბევრ ფუნდამენტურ პრობლემასთან ერთად, აქვს ინსტიტუტები, რომლებიც თავისი შინაარსით არ ასახავენ იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენ ვთქვათ, ვეძახით. სასამართლოს ვეძახით და სასამართლო არ გვაქვს, თვითმმართველობას ვეძახით და ის აბსოლუტურად დამოკიდებულია ცენტრზე და თვითმმართველობის შინაარსი არ აქვს. ამის გამო, ვთქვათ, კანალიზაციას გავაკეთებთო, „გირჩი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყოდა, თუ ჩვენ ამ არჩევნების უმრავლესობით მოგების იმედი გვექნებოდა, მაგრამ 1 500 ადამიანიდან, რომელიც ამ არჩევნების შედეგად საკრებულოებში უნდა აღმოჩნდეს, ჩვენ მხოლოდ 30 ადამიანი გვყავს. ეს 30 ადამიანი ფანტასტიკური ადამიანია და „გირჩისთვის“ ძალიან დიდი წარმატება იქნება, ეს 30 ადამიანი სხვადასხვა საკრებულოში გავიყვანოთ, მაგრამ ეს ხომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის? საკრებულოები ბუტაფორიად მიმაჩნია და ამიტომ არ მიმაჩნია კანალიზაციის გაკეთება მთავარ საკითხად, თორემ ზოგადად, კანალიზაციის ღირებულებას ვაღიარებ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დგას თუ არა „გირჩისთვის“ ბარიერის გადალახვის ამოცანა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ „გირჩი“ გაიყო, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, მთელ პოლიტიკურ სპექტრში, ყველა პარტიაში და მათ შორის, „გირჩშიც“, კატაკლიზმები მოხდა და ამ ერთწლიანი კრიზისის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნები ფაქტიურად, ამომრჩევლის ვერდიქტია იმ პარტიების მიმართ, ვისაც მან მხარი დაუჭირა.

„ყველა პარტიაში და მათ შორის, ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვნად არის აჭრილი პოლიტიკური ველი და ახლა, ამ არჩევნებმა ფაქტობრივად, უნდა მოგვცეს გაიდლაინი, როგორ ვვითარდებით და რა მიმართულებით მივდივართ. ეს არჩევნები, ამ ერთწლიანი კრიზისის შემდეგ, ფაქტობრივად, ამომრჩევლის შეფასება და ვერდიქტია იმ პარტიების, ვისაც მან მხარი დაუჭირა. მათ შორის, გადაფასება შეიძლება, მოხდეს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო მანდატების ლეგიტიმაციის არჩევნები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, როდესაც ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა იქნება „ქართული ოცნების“ დამთავრების შემდეგ.

„როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, მართლა რა იქნება „ქართული ოცნების“ დამთავრების შემდეგ, მართლა მიშა უნდა ჩამოვიდეს და მართლა მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს შემდეგი მმართველი? თუ მიხეილ სააკაშვილი შემდეგი მმართველი გახდება, ეს სურათი როგორ წარმოუდგენიათ ადამიანებს, როგორ ფორმირდება მმართველობის ახალი სისტემა, მან უნდა გადაიბაროს მურუსიძის სასამართლო, ის რაღაც ძალოვანი სტრუქტურები, სუს-ი და ასე შემდეგ? ძალიან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და ამ კითხვებზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.