ვახტანგ მახარობლიშვილი - წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტი სანქციებს უწესებს ყველა იმ ქვეყანასა თუ ორგანიზაციას, რომლებსაც ურთიერთობა ექნებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან
ვახტანგ მახარობლიშვილი - წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტი სანქციებს უწესებს ყველა იმ ქვეყანასა თუ ორგანიზაციას, რომლებსაც ურთიერთობა ექნებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან

წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტი სანქციებს უწესებს ყველა იმ ქვეყანასა თუ ორგანიზაციას, რომლებსაც ურთიერთობა ექნებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, დოკუმენტს შემუშავებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს გასავლელი და უცნობია, ჯამში რა ფორმას მიიღებს.

„როდესაც საბიუჯეტო კანონზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს, რომელიც ოთხი წლის წინ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითაც გაჩნდა ამ დოკუმენტში და, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკასთან.

კერძოდ, ამ დოკუმენტში ბოლო ოთხი წელიწადია, საუბარია როგორც ოკუპაციის თემატიკაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. დოკუმენტი სანქციებს უწესებს ყველა იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, როლებიც რამე სახის ურთიერთობაში შედიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ბუნებრივია, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ჩვენი ძალისხმევა სწორედ მსგავსი ჩანაწერების გაძლიერებისკენ იყო და იქნება მიმართული.

რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტი შემუშავების ძალზედ ადრეულ ეტაპზეა, დოკუმენტი წარმოდგენილი იქნა შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ პროექტის სახით. ის ექვემდებარება შემდგომ განხილვებს კომიტეტის ფარგლებში. მსგავსი ანალოგიური პროცესი უნდა წარიმართოს სენატის ქვეკომიტეტში და შესაბამის კომიტეტებში და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება დოკუმენტის შეთანხმება და შეჯერება წარმომადგენლობით პალატასა და სენატს შორის.

როგორც ჩანს, დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს შემუშავების და მიმდინარე ეტაპზე ძალზედ არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, მით უმეტეს, იმ პროცესების ფონზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით და ამ კონტექსტში იმ გამოხმაურებების ფონზე, როგორც კონგრესის მხრიდან, ასევე სახელწიფო მდივნის მხრიდან გაკეთდა ბოლო პერიოდში.

ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ზოგადად ხელისუფლება, გავაგრძელებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით“, – აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ასევე, აღნიშნული კანონპროექტით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.