ვახტანგ მახარობლიშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე
ვახტანგ მახარობლიშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე

გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მახარობლიშვილმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება.

„ბოლო ოთხი წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა; შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, ლიდერებმა განიხილონ ყველა ის გამოწვევა, შესაძლებლობა თუ აქტუალური თემა, რომელიც მართლაც დაგროვდა, არსებობს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. მთელი დღის განმავლობაში იქნება ფაქტობრივად დისკუსიები; შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით.

პოლიტიკური დეკლარაცია არის ის დოკუმენტი, რომელიც მზადდება. სამწუხაროდ, დეტალებზე ჯერ კიდევ ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოლოდინები, როგორც დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში, ასევე მის ეკონომიკურ განზომილებაში. გვაქვს იმედი, რომ დოკუმენტი ისაუბრებს ჩვენი ქვეყნისა და შესაბამისი ქვეყნების ევროპულ არჩევანზე და მისწრაფებებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების თემებზე და ამ კონტექსტში ხაზგასმული იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, დაფიქსირდეს სწრაფვა იმ დიდი მიზნისკენ, რომელიც არის ევროპულ შიდა ბაზარზე ინტეგრაცია, რაც თავისთავად მოიცავს ოთხი თავისუფლების გავრცელებას ჩვენს ქვეყანაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი რიგი ხელშესახები შედეგების მიღება სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რიგით მოქალქეებს, ამ კონტექსტში, მაგალითისთვის, შეიძლება, ვახსენოთ როუმინგის ტარიფების დაწევა“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დატოვე კომენტარი