ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი, დიდი ალბათობით, ორშაბათს გადმოგვეცემა და ძალისხმევას გავწევთ, რომ პასუხები დროულად მოვამზადოთ
ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი, დიდი ალბათობით, ორშაბათს გადმოგვეცემა და ძალისხმევას გავწევთ, რომ პასუხები დროულად მოვამზადოთ

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, ორშაბათს გადმოგვცემს ევროპული მხარე, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელჩის თქმით, საქართველო აქტიურად ემზადება გაწევრიანების განაცხადის შემდგომი პროცედურების გასავლელად.

„შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კითხვარი გადმოგვეცემა, შესაბამისი უწყებები აქტიურად დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ შესაბამისი პასუხები მოვამზადოთ ამ კითხვართან დაკავშირებით. კითხვარის შინაარსი, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე კომპონენტით იქნება დაკომპლექტებული. ეს იქნება პოლიტიკური მზაობის შესახებ ნაწილი; მეორე ნაწილი მიეძღვნება ეკონომიკურ მზაობას და მესამე ნაწილი დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ რამდენად არის საქართველო მზად ევროკავშირის კანონმდებლობის აპროქსიმაციასთან, შემდგომი დაახლოების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ ამ კითხვარს საკმაოდ მოკლე პერიოდში გვაძლევს ევროპული მხარე, მას შემდეგ, რაც განაცხადზე აპლიკაცია შევიტანეთ, ალბათ ცხადყოფს და არის იმის დასტური, რომ თვითონ ევროპული მხარე მოწადინებულია, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით; ჩვენი მხრივ, ყველა ძალისხმევას გავწევთ, რომ კითხვარზე პასუხები დროულად იყოს მიწოდებული“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ამასთან, შეკითხვაზე, თუ რამდენი კითხვაა და რა ვადები აქვს საქართველოს პასუხების მოსამზადებლად, მახარობლიშვილმა აღნიშნა: „არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს. მას შემდეგ, რაც კითხვარს გადმოგვცემენ, უფრო მეტად გვექნება ინფორმაცია და უფრო თავისუფლად შემეძლება ინფორმაციის მოწოდება დეტალებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ კითხვების რაოდენობა არ იქნება იმ რაოდენობის, რა რაოდენობისაც წინა შემთხვევებში ყოფილა. ამის ვარაუდის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ თვითონ ევროკომისიას ცოტა დრო ჰქონდა ამ კითხვარის და ამ კითხვების მომზადებისთვის. ვადებთან დაკავშირებით, ისევ და ისევ წინა გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სხვა კანდიდატ ქვეყნებს არ ჰქონდათ კონკრეტული ვადები კითხვებზე პასუხების დასაბრუნებლად“.

თუმცა, ვახტანგ მახარობლიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს სხვა მოცემულობაა.

„პროცესები სხვა ტემპით მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ, რომ ვადები არა, მაგრამ გარკვეული მოლოდინები არსებობდეს ევროპული მხარის მხრიდან კითხვარზე პასუხების დასაბრუნებლად, თუმცა არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო.

მოლოდინი მაქვს ოპტიმისტური და პოზიტიური. ვფიქრობ ის განცხადებები, დეკლარაციები, გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო პერიოდში არის მიღებული, ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირი ჩვენს ქვეყნებს, ასოცირებულ ტრიოს, აღიქვამს და მოიაზრებს ევროპული ოჯახის წევრებად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ჩვენი ძალისხმევა არ დავიშუროთ და ის რეფორმები, რასაც აქამდეც ახორციელებდა საქართველო და ამ კონტექსტში, ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაძლევს კარგ საფუძველს, კარგ ბაზას იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური და კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.