ვახტანგ ხმალაძე - 2020 წლის პარლამენტი არ იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმის შემდგომი ბევრად უკეთესი იქნება
ვახტანგ ხმალაძე - 2020 წლის პარლამენტი არ იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმის შემდგომი ბევრად უკეთესი იქნება

2020 წლის პარლამენტი არ იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმის შემდგომი პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„2020 წლის პარლამენტი არ იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა, რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ, კარგად არ აქვს გაცნობიერებული, როგორი პარლამენტი უნდა და რა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმის შემდგომი პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება. შესაძლოა, მომავალმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი რეფორმები ვერ გაატაროს, მაგრამ შემდგომი პარლამენტისთვის მოამზადოს ნიადაგი, რომ რეფორმების გატარება იმან შეძლოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილებათა ადვილად მიღება არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას ზრდის.

„მმართველობის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი მოდელი დიქტატურაა. მაგალითად, მე ვარ დიქტატორი, როგორც მინდა, ისე ვაკეთებ და რა გეგმაც მაქვს დასახული, ბოლომდე სწრაფად მიმყავს, მაგრამ კარგია ეს და ამ მოდელს საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს? აი, ეს არის საქმე. სჯობს, გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდეს, ვიდრე არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. გადაწყვეტილებათა ადვილად მიღება არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას ზრდის. გადაწყვეტილება რთულად მიიღება, როცა იძულებული ვარ, იმის, იმის და იმის მხარდაჭერა მოვიპოვო, რათა რაღაც გავიდეს. კი, ეს უფრო რთულია და უფრო ნელი, მაგრამ თუ ის, რაც სხვებს შევთავაზე, სწორი არ არის, მაღალი ალბათობით ხომ ჩავარდება? ანუ, ასეთ დროს, სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულდება, ხოლო არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მცირდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, ეს ყოველთვის ზუსტად ასე არ ხდება და შესაძლოა, პარლამენტის სიჭრელემ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მოგვცეს, მაგრამ ამის ალბათობა ნაკლებია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის გადაჯგუფებებს და კოალიციებს ელოდება მომავალ პარლამენტში და რა შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ახლა, ამაზე ვერაფერს იტყვის.

„რასაკვირველია, 2020 წლის პარლამენტში იქნებიან ისეთი პარტიები, რომელთა წარმომადგენლები ერთ სუფრასთან უბრალოდ, არ დასხდებიან. ეს ახლაც ასეა და ნუ გვიკვირს, რომ ასეა, რადგან ლამის სამი ათწლეულია, საზოგადოებას თავში უდებენ – მე ამირჩიე, თორემ ის მოვა და დაგღუპავსო. იმასთან გვერდით როგორ გაიარეო – აი, ასეთი წარმოდგენა იქმნებოდა საზოგადოებაში ამდენი ხნის განმავლობაში. ახლა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გვაძლევს შანსს, ამ არასწორი მდგომარეობიდან სწორი მიმართულებით დავიწყოთ სვლა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი