ვახტანგ კალოიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოზე“ გავლენა არ აქვს, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან „ნაცმოძრაობა“ არც პირდაპირ და არც ირიბად არაა დაკავშირებული
ვახტანგ კალოიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოზე“ გავლენა არ აქვს, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან „ნაცმოძრაობა“ არც პირდაპირ და არც ირიბად არაა დაკავშირებული

შემდგომ ტაქტიკაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ამაში გადაუჭრელ და დრამატულ პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ბატონი გიგა ბრძანებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა განახლების აუცილებლობაზე ყველა ლიდერი თანხმდება. შემდგომ ტაქტიკაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ამაში გადაუჭრელ და დრამატულ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა კალოიანმა.

ამ განცხადებით ვახტანგ კალოიანმა გადაცემის წამყვანის, შეკითხვას უპასუხა, ბაქრაძე-უგულავას მსგავსად, უნდა უნდა გადადგეს თუ არა პარტიული თანამდებობიდან გიგა ბოკერიაც.

როგორც კალოიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე პარტიისთვის სისტემური და სტრუქტურული ცვლილებები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონალური საკითხი.

„თუ სისტემური კონფიგურაციები სხვადასხვანაირად დალაგდება, შეიძლება, ნებისმიერი ფორმატი იყოს განხილული, როგორც პარტიის სამივე ლიდერის წასვლა, ისე ორის, ერთის და ა.შ. „ევროპული საქართველო“ მდიდარია ლიდერებით და ეს მისი ერთ-ერთი უპირატესობაა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა კალოიანმა.

შეკითხვაზე, მოიაზრება თუ არა პარტიის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურაც, ვახტანგ კალოაიანმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, არა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ პარტია, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს, ცვლილებებს საჭიროებს.

„ჩვენ არჩევნების გაყალბების ძალიან ბევრი დამადასტურებელი საბუთი გვაქვს, რომლის წარდგენაც ვცადეთ ცესკო-ში, სასამართლოებში და ა.შ, მაგრამ სამწუხაროდ, ამის იქ გამოყენების საშუალება არ მოგვეცა. მიუხედავად ამ წნეხისა, პარტიამ არჩევნები ვერ მოიგო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ევროპული ტიპის პარტია და ყველა ევროპული ტიპის პარტიაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი ხელმძღვანელობის, საარჩევნო შტაბის, ლიდერშიპის და იმ სახეების, ვის ირგვლივაც საარჩევნო კამპანია იყო“, – განაცხადა კალოიანმა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა პარტიაში შექმნილი უთანხმოების მთავარი მიზეზი უკრაინაში გიგი უგულავას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოზე“ არანაირი გავლენა არ აქვს და „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს, არც პირდაპირ და არც ირიბად. მე რამდენადაც ვიცი, იქ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა კალოიანმა.

შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა გიგი უგულავამ „ევროპული საქართველოს“ კოალიციაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, როდესაც განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ განახლება და კოალიციური ურთიერთობები სჭირდება, კალოიანმა აღნიშნა, რომ ამაზე პარტიაში მსჯელობაც კი არ არის.

„ცალსახად, არა. ამაზე პარტიაში მსჯელობაც კი არ არის, რადგან ჩვენ გვაქვს რადიკალური, კარდინალური ღირებულებითი განსხვავებები და ეს ერთ-ერთ ვარიანტადაც კი არ განიხილება“, – განაცხადა კალოიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, უბარიერო სისტემასთან დაკავშირებით „რესპუბლიკელთა“ ინიციატივა პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს, კალოიანმა განაცხადა, რომ განხილული შეიძლება, ნებისმიერი რამ იყოს, ნებისმიერ ვინმესთან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან.

„განხილული შეიძლება, ნებისმიერი რამ იყოს და ნებისმიერ ვინმესთან, ვინც პოლიტიკური მოთამაშეა, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიციის შიგნით თუ ა.შ. ნებისმიერ იდეაზე საუბარი აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულად ამ იდეას რაც შეეხება, ეს ძალიან ბუნდოვნად მიგვაჩნია და იმ პოლიტიკური კრიზისიდან ეფექტურ გამოსავლად არ გვესახება, რომელიც დღეს გვაქვს. მეორე მხრივ, რეალურად, თავად „ქართულმა ოცნებამ“ გასცა პასუხი, რომ ის არ აპირებს ამ ინიციატივის დარეგისტრირებას“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.