ვახტანგ გომელაური - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობა
ვახტანგ გომელაური - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობა

ჩვენს საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სწორი და ეფექტური მენეჯმენტის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ვაკეთებთ რა აქცენტს განათლებული ახალგაზრდების მოზიდვაზე, ამავე დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მომუშავე გამოცდილი პროფესიონალები. სამსახურში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ კანდიდატებს მათი ეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილების მიუხედავად“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის აუცილებელია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა და მუდმივი განახლება.

„საანგარიშო პერიოდში, მოეწყო საველე სწავლების ბაზის ინფრასტრუქტურა, სადაც სისტემატიურად მიმდინარეობს სამსახურის სპეციალური დანაყოფების თანამშრომელთა ტაქტიკური მომზადება/გადამზადება. ასევე,  ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, სუს-ი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობის განხორციელებას ახალი გამოწვევების შესაბამისად.

„ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი საქმიანობის განხორციელებას ახალი გამოწვევების შესაბამისად. კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფორმაციის გაცემა კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება.