ვახტანგ გომელაური - მხარს დავუჭერდი, უფრო მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ნარკორეალიზაციაზე
ვახტანგ გომელაური - მხარს დავუჭერდი, უფრო მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ნარკორეალიზაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კოლეგებთან – FBI-სთან, DEA-სთან, ევროპოლთან, ინტერპოლთან და მათთან ერთად ბევრი დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. არა მარტო გასული წლის, არამედ გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით  თხევადი ნარკოტიკის ამოღებით დაწყებული და თუნდაც ეს – 40 კილოგრამი ჰეროინის ამოღების თემაც, ეს ღონისძიება საერთაშორისო ჩართულობით გავაკეთეთ და ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს.

რაც შეეხება ნარკორეალიზატორების საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა ამ მიმართულებით და მართლაც, რთული თემაა. ბატონმა ფრიდონმაც იკითხა, იგივე ფონიჭალის შესახებ. თითქმის კვირა ისე არ გადის, საპოლიციო ღონისძიება არ ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ამას ვაშუქებთ. ტარდება პოლიციური ღონისძიებები, ზუსტად მაგ მიმართულებით, ქვემო ქართლის მიმართულებით და ხდება ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება.

შეიძლება, კიდევ უფრო გამკაცრდეს და რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.